ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით


ტაძრის ისტორია

2010 წლის 11 ოქტომბერი. დაბა კიკეთში წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძარი იკურთხა. ამ დღეს კიკეთის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძარში პირველი წირვა აღევლინა, ხოლო პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

 
ახლად ნაკურთხ ტაძარში საღვთო ლიტურგია მიტროპოლიტებმა შიომ (მუჯირი) და იოანემ (გამრეკელი) და ტაძრის წინამძღოლმა, მამა ანდრიამ (ჯაღმაიძე) შეასრულეს.

  

ტაძრის კურთხევას უამრავი მომლოცველი დაესწრო, მათ შორის ტაძრის ქტიტორი ლევან ვასაძე ოჯახთან ერთად, "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის" თანამშრომლები, მოსწავლეები, მშობლები, სხვა მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.

 
ტაძარი 3 წლის განმავლობაში შენდებოდა. ძირითადი ტაძარი წმინდა ექვთიმეს ღვთისკაცის (თაყაიშვილის) სახელობისაა. ტაძარში ასევე არის ორი ეკვდერი: წმინდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძის) და წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის.

 

როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, ტაძარი აშენდა უახლესი ისტორიის სამი წმინდანის სახელზე: ერთმა მათგანმა ეროვნული განძი, მეორემ საგალობლები, მესამემ კი ქართველი ერის ღირსება გადაარჩინა.

 
პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ქადაგებისას ბრძანა, რომ არის ჟამი შენებისა და ჟამი ნგრევისა. "ჩვენ მოვესწარით იმ დროს, როდესაც ქართველი ანგრევდა ტაძრებს და იმ დროსაც, როდესაც აშენებდა. ჩვენი წარსული გვეუბნება, რომ ქართველი ადამიანი გარეშე მტრებისგან ტაძრებსა და მონასტრებს იცავდა, რადგან ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი გადამრჩენია. ასე რომ არ ყოფილიყო, ქართველი ადამიანი არ იქნებოდა დედამიწაზე", – ბრძანა პატრიარქმა.



ილია მეორემ დალოცა შეკრებილი მომლოცველები და სრულიად საქართველო. უწმინდესმა ტაძარს წმინდა სამების ხატი უსახსოვრა.

 

 




დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS