ქართული Русский English
ფორუმისაიტის რუკაკონტაქტი



სახვითი ხელოვნება, ძერწვა

 

 

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ შემუშავებულ სახვითი და გამოყენებითი (ამ შემთხვევაში კერამიკის, აპლიკაციის, ორიგამის და სხვ.) ხელოვნების სწავლების პროგრამას, რომელიც მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება.

 
ყველასათვის ცნობილია ხელოვნების დადებითი გავლენა ბავშვის ჰარმონიული განვითარებასა და ესთეტიკურ აღზრდაზე. ეს კურსი საშუალებას გვაძლევს, საფუძველი ჩავუყაროთ არა მარტო მოსწავლის ესთეტიკურ აღზრდას, არამედ ამ ასაკისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების (მხედველობითი მეხსიერება, ხელის მოტორიკა, მარტივი შრომითი საქმიანობა, დაკვირვება, საკუთარი აზრის გამოხატვა) განვითარებას.
 
 
მიზნები:  
 
 
 -  თითოეულ ბავშვში "მხატვრის" ანუ შემოქმედის წარმოჩენა _ განვითარების ხელშეწყობა;
 -  მოსწავლის ინტელექტუალური და წარმოსახვითი აზროვნების ჩამოყალიბება;
 -  თავისუფალი პროცესისათვის აუცილებელი პირობების შექმნა და მოსწავლის ჩართულობა;
 -  ფანტაზიის გაღვივება და განხორციელება;
 -  ხელოვნების აღქმა კონტექსტში;
 -  კომუნიკაცია-ინტერპრეტაცია;
 -  ანალიზი, დებატები, თვითშეფასება;
 -  საუბარი ხელოვნებასა და მის დარგებზე;
 -  საგაკვეთილო მსვლელობის თემატიკიდან გამომდინარე სახალისო, საინტერესო ნარკვევების    მიმოხილვა: რელიგიის, ხელოვნების, მითოლოგიის, ბუნებისა და სხვა საკითხების შესახებ;
 -  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტერმინოლოგიის შესწავლა;
 -  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისათვის საჭირო მასალისა და ტექნოლოგიის შესწავლა ტრადიციული და თანამედროვე მასალების გამოყენებით;
 -  სწავლება ხელოვნების კომპოზიციის, ფერის, ფორმის, შუქჩრდილის, პერსპექტივის, სიმეტრიისა და ა.შ.;
 -  მონაწილეობა ჯგუფური ნამუშევრების შექმნაში: აპლიკაცია, მოზაიკა, ორიგამი, ინსტალაცია-სივრცობირივი, ორიგინალური ნამუშევრის მოფიქრება და განხორციელება;
 -  სადღესასწაულო წარმოდგენებისათვის მოწაფეების მიერ დეკორაციების შექმნა;
 -   საქართველოს თვითმყოფადი მრავალსაუკუნოვანი კერამიკის ისტორიისა და ტექნოლოგიის შესწავლა, ტრადიციების შენარჩუნება-განვითარება. არქეოლოგიურ გათხრებში მოძიებული მასალისა (შავპრიალა, დმანისური, ქაშანური) და ხალხური ტრადიციული კერამიკის ასლების შესრულება.
    
 
საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამა ძირითადად კეთებით სწავლებაზეა ორიენტირებული. ვიყენებთ ინტერაქტიულ მეთოდს, აქტივობები სახალისო ხასიათისაა, ეტაპობრივად ვითარდება მარტივიდან რთულისაკენ. უფროსკლასელები შეისწავლიან კერამიკის წარმოების სრულ პროცესს. ნაწარმის მორგვზე, ჩარხზე ამოყვანას, მის გამოწვასა და მოჭიქურებას. შეიქმნება სამუზეუმო მასალა და საუკეთესო ნამუშევრთა ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის აღსაზრდელებს მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებსა თუ კონკურსებში.
 
პროგრამა ითვალისწინებს: მშობელთა ჩართულობას, ტაძრების მოლოცვას, მუზეუმებში სიარულს, სადღესასწაულო ღონისძიებებისა და საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონების მოწყობას.
 
პროგრამის ავტორი ნინო ციციშვილი
 

 

 



იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS