|
|
რექტორის მისალმება
ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო!
ქართული განათლების უდიდესი მოამაგის, იაკობ გოგებაშვილის სახელი დამფუძნებლებმა სასწავლებელს გამიზნულად უწოდეს. საუკუნეზე მეტი ხნის წინ იაკობ გოგებაშვილის მიერ გამოთქმული თვალსაზრისი ყველაზე კარგად გამოხატავს სკოლის მესვეურთა და პედაგოგთა მიზნებს: ,,თანამედროვე სკოლამ მოწაფეს საოცარი ოსტატობითა და სიადვილით უნდა გაუმდიდროს გონება ნამდვილი, კონკრეტულისა და ცოცხალის ცოდნით, გული აუვსოს მაღალი ადამიანური გრძნობებით, მიანიჭოს მტკიცე ხასიათი, გაზარდოს მასში თაოსნობის უნარი, თავისი თავის იმედი, თავაზიანობა, დარბაისლობა და მოამზადოს სულითა და ხორცით საღ ადამიანად.”
ქართველებისათვის სამაგალითო ადამიანები – წმ. ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე), იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, დავით სარაჯიშვილი, წმ. ექვთიმე ღვთის კაცი (ექვთიმე თაყაიშვილი), ივანე ჯავახიშვილი და სხვანი სწორედ ასეთ იდეალებზე აღიზარდნენ. ღვთის მოშიშებით საერო საქმეს ისე უძღვებოდნენ, რომ მათი ღვაწლი სამუდამოდ აღიბეჭდა ქართველთა ცნობიერებაში. ჩვენი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა იდეალი სწორედ ასეთი ადამიანები იქნებიან.
სასწავლებლის პედაგოგები და აღმზრდელები, მოძღვართან ერთად, ჯანსაღ, ოჯახურ, უსაფრთხო გარემოში იზრუნებენ ბავშვებზე, შეასწავლიან ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო იდეალებს, მისცემენ ისეთ ცოდნასა და შრომით ჩვევებს, რომ კურსდამთავრებულებმა შეძლონ, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში ღირსეულად წარმოადგინონ სამშობლო.
მიმართვას კი იაკობ გოგებაშვილის მიერ ბავშვების დალოცვით დავასრულებ: ,,ღმერთმა თქვენს გულშიაც აღზარდოს, ჩემო ყმაწვილნო, მოყვასთა ჩაუქრობელი სიყვარული, გაგაძღოთ მათი სიყვარულით თქვენდამი და ბედნიერად გაცოცხლოთ დიდხანს.“
დავით ჯაფარიძე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის რექტორი
|
|
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009 Developed by ITNOVATIONS
|
|