შპს იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მისიაა ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებულ მზრუნველ, შემოქმედებით და უსაფრთხო გარემოში, ოჯახის მონაწილეობით, სკოლის ყველა მოსწავლეს მისცეს საშუალება, მიაღწიოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს; ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ სარწმუნოების, შრომისმოყვარეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის, როგორც პიროვნების განვითარების წინაპირობის გააზრებას.
„...ჩვენი სასწავლებელი არის გულიძახილი, თუ გნებავთ მეოცნებე ადამიანებისა, რომელთაც არ სურთ, რომ ჩვენი მომავალი იყოს მოწყვეტილი ჭეშმარიტი სიცოცხლის ხეს. და არა აქვს მნიშვნელობა ეს მოწყვეტა მოხდება სამშობლოში ბავშვის უსულო აღზრდითა და მხოლოდ ეგრეთწოდებული აკადემიური განათლების მიცემით, თუ სულაც მისი დაუმწიფებელი ნაყოფივით სხვა ქვეყანაში გაგზავნით იქ დასამწიფებლად. ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ თავიანთი ქვეყნის სრულუფლებიან მესაკუთრეებად ანუ პასუხისმგებლებად, ხოლო ნამდვილი პასუხისმგებლობა მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი. და როგორ ჰქონდეს ბავშვს სიყვარული, თუ მას ის არ მიეცა? და რა არის ბავშვის სიყვარული, თუ არა მასთან ერთად ყოფნა და მასზე ზრუნვა, რა ბედნიერია მამა და დედა შვილთან ერთად და რა დაცულია შვილი ასეთ დროს! ვინ აღზრდის ბავშვს უკეთ, ვიდრე მისი ქვეყნისვე მცოდნე და მისი მშობლების მცნობელი უფროსი?!...“
ლევან ვასაძე. ამონარიდი სასწავლებლის გახსნის დღეს
თქმული სიტყვიდან „ჭეშმარიტი სიცოცხლის ხე“