ხელოვნების გაკვეთილზე გაიმართა VIIIა და VIIIბ კლასების კონკურსი – "დიდი რბოლა".
პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეების მიერ ხელოვნების ისტორიაში ათვისებული ცოდნის ხარისხის გამოვლენა და მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარება.
პროექტის თემა იყო: ქრისტიანული და აღორძინების ეპოქის ხელოვნება.
VIII-ა და VIII-ბ კლასების მოსწავლეები დაიყვნენ სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში მოხვდნენ ორივე კლასის მოსწავლეები. სკოლის ტერიტორიაზე წინასწარ დამალული იყო ფურცლები, რომლებზეც დაწერილი იყო კითხვები ქრისტიანული და აღორძინების ხელოვნების შესახებ. ჯგუფებს დაურიგდათ “მინიშნებები”, თუ სად შეიძლებოდა კითხვების პოვნა. მაგალითად, ხელოვნების თემებზე დასმული კითხვების პასუხების პირველი ასოებისგან გამოდიოდა სიტყვა ყველი, რითაც მოსწავლეები უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ კითხვა რძის პროდუქტების დასამზადებელ ოთახში იყო, ან ბილ გეიტსის ციტატით უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ კომპიუტერულ ცენტრში ასულიყვნენ, სადაც წინასწარ ჩართული კომპიუტრზე უნდა ენახათ ფაილი, რომელიც პაროლით იყო დაბლოკილი, პაროლი კი აღორძინების ხანის ერთ-ერთი მხატვრის სახელი იყო, პაროლის ამოცნობის შემთხვევაში მათ უკვე შეეძლოთ კითხვის წაკითხვა და მასზე პასუხის გაცემა და ა.შ. მოსწავლეებს ასეთი მინიშნებებით 5 კითხვა უნდა ეპოვათ. მოგებულად ჩაითვლებოდა ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე სწარაფად იპოვიდა და სწორ პასუხებს გასცემდა დასმულ კითხვებს.
კონკურსი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ბავშვები მსჯელობდნენ, გამოთქვამდნენ ვერსიებს, ეძებდნენ და ა.შ. გამარჯვებული კი ნინი ხუბულიას და ანა მოსაშვილის ჯგუფი გახდა. მათ ყველაზე სწრაფად იპოვეს კითხვები და ყველა კითხვას სწორი პასუხები გასცეს.
პროექტის ხელმძღვანელი, ხელოვნების პედაგოგი ნანა კუნჭულია დიდ მადლობას უხდის VI კლასის მოსწავლეებს კონკურსის ორგანიზებაში დახმარებისათვის.