სასწავლებლის შესახებ


aboutschool

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაარსდა 2009 წელს. სკოლა მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივად გამორჩეულ გარემოში, თბილისის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით. სკოლის სახელწოდება ეფუძნება ქართული განათლების უდიდესი მოძღვრის, იაკობ გოგებაშვილის, ღვაწლს.  სკოლის საკუთრებაშია სამი ოთხსართულიანი შენობა და სხვადასხვა დამხმარე ნაგებობა, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 5,218 კვადრატულ მეტრს. გარდა ამისა, სკოლა სარგებლობს მრავალფეროვანი სპორტული ინფრასტრუქტურით, მათ შორის - საცურაო აუზითა და რაგბის მოედნით.

სასწავლებლის ხედვა ეფუძნება ქართულ, მართლმადიდებლურ და ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე საგანმანათლებლო მიღწევებსა და გამოწვევებს. სასწავლებელში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც ერთსულოვნად, ერთი ოჯახისა და საერთო ღირებულებების მქონე საზოგადოების პრინციპებით ცხოვრობენ და საქმიანობენ. მათ აერთიანებთ პროფესიული კომპეტენცია და გულწრფელი სურვილი - აღუზარდონ სამშობლოს ღირსეული, განათლებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები.

"... მე მიმაჩნია, რომ ეს არის დასაწყისი ძალიან დიდი საქმისა და  მადლობას ვწირავ ყველა მონაწილეს. ამ სკოლაში უნდა დაინერგოს სარწმუნოება,  სიხარული,  სასოება,  კეთილი საქმის კეთება,  მიმტევებლობა;  აქ უნდა ვეცადოთ დაუკავშირდეს ერთმანეთს სამი რგოლი: ოჯახი,   ეკლესია და სკოლა;  აქ უნდა გამოვლინდეს ნიჭი ყოველი ბავშვისა... მე ყველას გლოცავთ, ვლოცავ ამ სასწავლებელს და მოხარული ვიქნები თუ მიმიღებთ ერთ-ერთ მოწაფედ..."

ამონარიდი უწმიდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,ილია II-ს სიტყვიდან სკოლის გახსნაზე.