
სარაგბო კლუბი ,,იუნკერები''
სარაგბო კლუბი „იუნკერები“ დაფუძნდა კიკეთში, 2012 წელს. კლუბს სახელი ეწოდა იუნკერების პატივსაცემად, რომლებმაც 1921 წელს, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან, ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს წითელ არმიას და გამოირჩეოდნენ რკინის დისციპლინით, უდიდესი თავდადებითა და მომზადების მაღალი დონით.
„იუნკერები“ ყველაზე სწრაფად მზარდი სარაგბო კლუბია: 2015 წელს კლუბი წარმოდგენილი იყო მხოლოდ ასაკობრივი გუნდებით. 2015-2016 წწ. სარაგბო სეზონზე კლუბი პირველად ჩაერთო საქართველოს რეგიონულ (მეორე) ლიგაში; რეგიონულ ლიგაში წარმატებული სეზონის შემდეგ, 2016-2017 წწ. „იუნკერებმა“ მოიპოვეს პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება და რეგიონული ლიგიდან სულ რაღაც ორი სეზონის შემდეგ გაინაღდეს ადგილი „დიდ 10“-ში. „იუნკერები“ გახდა პირველი სარაგბო კლუბი, რომელიც ასე სწრაფად დაწინაურდა უმაღლეს ლიგაში, რაც თავისთავად უნიკალური შედეგია. დღეს კლუბი ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რაც გულისხმობს საქართველოს ჩემპიონობასა და ევროპულ ასპარეზზე ღირსეულ მონაწილეობას.
კლუბის მოთამაშეების ძირითად ბირთვს წარმოადგენენ „იუნკერების“ აღზრდილი ერთგული მოთამაშეები, რომელთა ძირითად ნაწილს სხვა კლუბში არ უასპარეზიათ.
„იუნკერები“ წარმოდგენილნი არიან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, U20-სა და შვიდკაცა ნაკრებებში, სადაც პერიოდულად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო მატჩებში. მოთამაშეები, კლუბთან ერთად, მუდმივად არიან ჩართულნი სოციალურ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებში.
ამ დრომდე:
დიდი გუნდი მართავს სულ მცირე 18 თამაშს;
19 წლამდე - 12 თამაში;
17 წლამდე - 12 თამაში;
15 წლამდე და ქვემოთ ასაკის მოზარდები ყოველ კვირეულად იღებენ მონაწილეობას სარაგბო ფესტივალებში;
კლუბის მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდა თაობის რაგბით დაინტერესება და ჩვენი კლუბის სახელით მათი ჩართულობა, მათ შორის: წავკისში, შინდისში, ტაბახმელასა და კოჯორში.
„იუნკერები“ წლების მანძილზე გუნდური ძალისხმევით არიან ჩართულები სხვადასხვა სოციალურ კამპანიებში;
ყოველი წლის ზაფხულში (ივლისი-აგვისტო) „იუნკერების“ მოთამაშეებისთვის დაბა კიკეთში იმართება საზაფხულო შეკრებები, რომლის ფარგლებშიც მოთამაშეები ემზადებიან 19, 17 და კაცთა გუნდის ჩემპიონატისთვის.